• 1.jpg
  • 2.jpg

წმიდა ამბროსი მედიოლანელი

წმიდა ამბროსი მედიოლანელი 

განმარტება   სასწაულებრივად  დაჭერილი   თევზისა 

„შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა, ნაპირს გაშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს“. სახარებიდან ცნობილია, რომ უფალი სნეულებს კურნავს, ხალხი კი მას ყველგან დაყვება, ხოლო კურნების მიღების მსურველებს არც დრო აკავებს და არც ადგილი. ერთხელ, საღამო ჟამსაც, ხალხი მისდევს  და აწყდება მას. წინ ზღვა დახვდებათ და უფალი ადის პეტრეს ნავში, რომელიც მათე მახარებლის სიტყვით ზღვაში ინთქმება, ხოლო წმიდა ლუკას მიხედვით კი თევზითაა სავსე. ეს იმას  ნიშნავს, რომ ქრისტეს ეკლესიამ წინასწარ უნდა განიცადოს სხვადასხვა განსაცდელი, ხოლო შემდეგ გახდეს ნაყოფიერი და ყველანი ისინი, ცხოვრების ზღვაში მცურავნი, ჰგვანან თევზებს. სახარების ერთი ადგილის მიხედვით ქრისტეს ნავში სძინავს, ხოლო სხვა ადგილას ბრძანებას გასცემს. და ჭეშმარიტად, მას სძინავს მშიშრებისთვის, ხოლო მღვიძარებს სრულყოფილთათვის. თუმც, ქრისტე წარმოდგენილია მძინარე,  მაგრამ წინასწარმეტყველის სიტყვით მისი გული მღვიძარებს (ქებ. 5,2). მათე მახარებელი ახსენებს, რომ ქრისტემ უბრძანა ქარს დაცხრობა იმისთვის, რათა ეჩვენებინა მისი ძალაუფლება და ყოვლისშემძლეობა. აქ მჟღავნდება მისი ღვთაებრივი ძალაუფლება და ყოვლისშემძლეობა. აღელვებული ზღვის დაწყნარებით,  მისი სიტყვისადმი სტიქიის მორჩილებით და უსულო ქმნილებების დამორჩილებით აშკარად მტკიცდება მისი ღვთაებრივი ძალა  და ძალაუფლება, რომელიც თანაბრად ჩანს მაშინაც, როდესაც ის ამშვიდებს ამა ქვეყნის ტალღებს და მაშინაც, როდესაც ერთი სიტყვით განდევნის არაწმინდა სულებს. ლუკა მახარებელი ამბობს, რომ მაცხოვარმა თავისთვის აირჩია სწორედ ის ნავი, რომლითაც პეტრე თევზაობს, ანუ ის არ არის ქარიშხალში მოხვედრილი. ქარიშხალში მოხვდება გემი, რომელშიც იუდა ზის. თუმცა მასში სხედან  თავისი მასწავლებლის მიმართ რწმენით აღვსილნი სხვა მოწაფეებიც, მაგრამ მოღალატის ურწმუნოების გამო ის ირყევა ტალღებისგან. ამგვარად, ერთის ურწმუნოება შეიძლება გახდეს მიზეზი საერთო მღელვარებისა, ამიტომაც ყოველთვის უნდა განვშორდეთ ადამიანს, რომელიც ურწმუნოების და მოღალატეობის  სენით არის შეპყრობილი, რათა ერთის გამო ყველა არ დაიღუპოს. იესო ქრისტე  მოწაფეებს  უბრძანებს ზღვაში ბადის გადაგდებას, ხოლო პეტრეს  ეუბნება: „შეავლინე ღრმად“ (ღრმად შედი). ეს ნიშნავს განსჯის სიღრმეს, რადგანაც ღვთის დაფარული საიდუმლოებები - ღვთის განცხადება  და მისი შეუცნობელი შობა ისეთი სიღრმეა, რომელშიც ადამიანური გონება სრულიად იკარგება. თუმცა კი ჩემთვის შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ როგორ იშვა ღმერთი, მაგრამ იმის ცოდნა რომ ის განკაცდა,  სასარგებლოა. თუმცა მე არ ვიცი როგორ მოხდა მისი შობა, მაგრამ მე უნდა ვიცოდე, რომ ის ნამდვილად იშვა. არ ვიცი როგორ იშვა ძე მამისაგან, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი რომ მამამ შვა ძე, და თუკი ღმერთს არ დავუჯერებთ მაშინღა ვის უნდა დავუჯეროთ? ჩვეულებრივ ჩვენ გვწამს  იმის, რაც ვიხილეთ ან რაც გვესმის, ხოლო თუკი  მართალი ადამიანები გვიყვებიან  ეჭვმიუტანელად გვწამს მათი. როგორ არ  ვირწმუნოთ ამ ყველაფრის შემდეგ ის, რაც გვითხრა  მამა ღმერთმა, რაც დაამოწმა ძემ, ასევე მზის დაბნელებამ და მიწისძვრამ. სწორედ ამ სიღრმეში ჩასვლა უბრძანა ქრისტემ პეტრეს, რათა მას სულიერი თვალით განეჭვრიტა ქრისტეს აღდგომა და სულიწმიდის გარდამოსვლა. ბადე, რომლის ზღვაში გადაგდებაც უბრძანა მაცხოვარმა მოციქულებს, სულიერად აღნიშნავს ქადაგებათა მწყობრ ნაკრებს, რომლითაც შესაძლებელია მსმენელთა დაჭერა სარწმუნოებაში. მოციქულთა ქადაგებას მიზანშეწონილია დავარქვათ ბადე, რადგანაც როგორც ბადით დაჭერილი თევზი არ იკარგება, არამედ ინახება და აღმოიყვანება ზღვის სიღრმიდან ნაპირზე, ამგვარადვე მოციქულთა ქადაგება კი არ ღუპავს ხალხს, არამედ ამოიყვანს მათ უმეცრების  სიღრმიდან ჭეშმარიტების სინათლეში და აღიყვანს მათ გონებას მიწიდან ზეცაში. „მოძღუარ, - თქვა პეტრემ- ღამე ყოველ დავშუერით და არარაჲ მოვიღეთ, ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადე“. სხვა  სიტყვებით ეს შეიძლება ასე გამოითქვას:  „უფალო მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ მეფობს ღამე, სადაც არ არის შენი ნება, რადგანაც ჯერ კიდევ არავინ მოექცა რწმენაში. მე გადავაგდე შენი  სიტყვის ბადე ნათლობის შესახებ, მაგრამ დღემდე ვერ დავიჭირე ვერაფერი. მე გადავაგდე ეს ბადე არა ღამით, არამედ დღისით და ველოდები შენს ბრძანებას. „ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადე“. ჭეშმარიტად, მოციქულები ვერაფერს იჭერენ მაშინ, როდესაც არ არიან გაგზავნილი საქადაგებლად. მაგრამ, როდესაც მაცხოვარი გზავნის მათ სახარების საქადაგებლად სამყაროს ყველა კუთხეში, მაშინ ისინი იჭერენ უთვალავი რაოდენობის თევზს.  წარმატება თევზჭერაში ოდნავადაც არაა დამოკიდებული მათ ქადაგებაზე, არამედ იმ ნიჭზე, რომელიც მათ მიიღეს  სულიწმიდისგან. ამ ნიჭის წყალობით მათ ქადაგებას ისეთი ძალა აქვს, რომ ყველა კაცობრივ სიბრძნეს ამარცხებს და უამრავი ადამიანი მოექცევა ქრისტეს რწმენაზე.

საქადაგებლად დაპატიჟებულ მეგობრებში, როდესაც წარმატებით ამოდის ბადე, შეიძლება ვიგულისხმოთ იუდეველთა ერი, რომლისგანაც არიან იოანე და იაკობი, რადგანაც წერილში ნათქვამია:  „იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა“ (ფს. 113,2). იუდეველები სინაგოგიდან ნამდვილად ჩქარობენ გადასვლას პეტრეს ნავში ანუ ქრისტეს ეკლესიაში, რათა აღავსონ ორივე ხომალდი, ანუ ეკლესია და სინაგოგა. ქრისტეს სახელის წინაშე იუდეველთა და წარმართთა ყოველი მუხლი  მოიდრიკება, რადგანაც „ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში“ (კოლ. 3,11).

პეტრეს, რომელმაც დაიჭირე უამრავი თევზი, მოუწია იმაზეც ზრუნვა, თუ როგორ შეენახა ის. როგორც ამ საქმეში გამოცდილს, იცის თევზჭერაც და არ გაუჭირდა ისიც, თუ  როგორ  შეენახა ამოყვანილი თევზი. მან  ქრისტეს სიტყვით დაიჭირა თევზი, სწამს ამ სიტყვის და წარმატებული თევზაობა არ  მიაწერა საკუთარ  ძალას და ხელოვნებას, არამედ თქვა: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“.

პეტრეს უკვირს უფლის ძალისა და მადლის. მაგრამ რაც უფრო მეტად ხდება ღირსი ამგვარი მადლისა, მით მეტად  იმდაბლებს თავს.              ქრისტიანო! განა არ უნდა თქვა შენც მოციქულთან  ერთად: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“. და შენც  გეტყვის უფალი: „ნუ გეშინინ!“ ღმერთი მოწყალე და მრავალმოწყალეა.  ნუ გეშინია მის წინაშე შენი ცოდვების აღიარებისა. არაფერი მიაწერო შენ თავს, არამედ უფლის დიდებას, რადგანაც ის თავისი მოწყალებით მოგანიჭებს ყველაფერს იმას, რაც შენს ცხონებას და მარადიულ ნეტარებას ემსახურება (კვირის საკითხავი, ხმა 10).

 

თარგმნა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის

ბათუმის სასულიერო სემინარიის სტუდენტმა გიორგი გაბუნიამ

 

  • წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარია
  • მის: დემეტრე თავდადებულის №49
  • ელ.ფოსტა: seminari@batumiseminari.ge
  • ტელეფონი: +995 0422 24 40 81
© ყველა უფლება დაცულია 2020 ბათუმის სასულიერო სემინარია სემინარია

Search